დაკავებულმა გამომძიებელმა, მარიანა ჩოლოიანმა 15 წლის ლუკა სირაძეს აღიარებითი ჩვენება მოსთხოვა. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი თამარ ხეთაგური საუბრობს.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი აცხადებს, პროკურატურა სასამართლოს მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.
"გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა მოსთხოვა აღიარებითი ჩვენება ლუკა სირაძეს და მას შემდეგ, რაც მიიღო უარი აღიარებით ჩვენებასთან დაკავშირებით, გამოკითხვა გააგრძელა ისეთ პირობებში, როდესაც მოხდა მოწმეთა დაპირისპირება. ასეთ პირობებში, არასრულწლოვნებმა განიცადეს ფსიქოლოგიური სტრესი. ასევე გეტყვით, რომ გენერალური პროკურატურა, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს გამომძიებელი თამარ ხეთაგური.
15 წლის მოზარდისთვის ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს ბრალი წაუყენეს. პროკურატურა მარიანა ჩოლოიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და მას დანაშაულის აღიარება მოსთხოვა.