საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რეზო აჭარაძე, დაკავებული გამომძიებლის გარდა, სხვა პოლიციელების პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზეც საუბრობს. საიას იურისტი ამბობს, რომ მარიანა ჩოლოიანის გარდა, 15 წლის ლუკა სირაძისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას კიდევ რამდენიმე პოლიციელი ითხოვდა.
“ლუკას ესაუბრებოდა დაახლოებით 3-4 პოლიციელი, მათ შორის, მარიანა ჩოლოიანი და ეს პოლიციელები ემუქრებოდნენ არასრულწლოვანს, რომ თუკი არ აღიარებდა ბრალს, მის ძმას, ბექას შეექმნებოდა პრობლემები გორის სამხედრო აკადემიაში. ვთვლით, რომ ბრალი რა თქმა უნდა, არის დასაბუთებული, თუმცა უნდა მოხდეს იმ სამი პოლიციელის იდენტიფიცირებაც, ვისზეც საუბრობენ უსაფრთხოების მენეჯერი და დედა და შემდგომ მათაც წარედგინოთ ბრალი,“ - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, რეზო აჭარაძე.
15 წლის მოზარდისთვის ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს ბრალი წაუყენეს. პროკურატურა მარიანა ჩოლოიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და მას დანაშაულის აღიარება მოსთხოვა.