მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, განათლების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ფსიქოლოგები და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამ საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობენ.
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთეს, ხოლო მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრებენ, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონდებლობასა და აღსრულებაშია.
"არის ასეთი პრაქტიკა, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და.ა.შ. ასეთი ფაქტები ადრეც იკვეთებოდა, ეს არაა გამოსწორებული და ამ მიმართულებით ეს პრობლემები დარჩა. ველოდები, რომ ამ მიმართულებით გვექნება მსჯელობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას,"-განაცხადა "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის" თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანმა.
კოალიცია "ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის" ნინო ნუცუბიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე წარადგენენ დოკუმენტს, რომელიც კოალიციაში გაერთიანებულმა ორგანიზაციებმა ერთად შეიმუშავეს.
"კოალიციამ გააანალიზა ის მწვავე პრობლემები რაც არსებობს. ჩვენ ვფლობთ ამ ინფორმაციას, რადგან კოალიციაში არის ყველა წამყვანი ბავშვთა კეთილდღეობის, ბავშვებთან მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება. ეს არის ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი. უნდა განვიხილოთ მწვავე საკითხები, რომელიც დღეს არის ამ სფეროში,"- განაცხადა ნინო ნუცუბიძემ.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით შეიქმნა.