18 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან გაწერეს. დაკავებული გამომძიებელი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დრომდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო და სამედიცინო დაწესებულებაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს განჩინება ჩაიბარა, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში, ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრდება.

უფლებადამცველის მტკიცებით, მარიანა ჩოლოანს არც არასრულწლოვანზე და არც სხვა მოწმის სტატუსის მქონე პირზე რაიმე სახის ზეწოლა არ მოუხდენია.

“დაცვის მხარემ ჩაიბარა სასამართლოს განჩინება, რომლითაც მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა, შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში აუცილებლად გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში.

მარიანა ჩოლოიანს არც ერთ პიროვნებაზე, არც არასრულწლოვანზე და არც სხვა მოწმის სტატუსის მქონე პირზე რაიმე სახის ზემოქმედება არ მოუხდენია. მიუხედავად იმისა, რომ ახსნა-განმარტებით ბარათში და ინსპექტორთან ჩატარებულ გამოკითხვის ოქმში კანონიერი წარმომადგენელი უთითებს, რომ ზეწოლა იყო, იძულება იყო და იძულებისა და ზეწოლის შედეგად, მარიანა ჩოლოიანმა მიიღო აღიარებითი ჩვენება. თუმცა, აღიარებითი ჩვენება არ არის მიღებული. ჩატარებულია გამოკითხვა და გამოკითხვაში არასრულწლოვანი უარყოფს მისი მხრიდან ქმედების განხორციელების შესაძლებლობას,“ - აცხადებს მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი თეონა გვაზავა.

რაც შეეხება 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. იკითხებოდნენ მოწმეები, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, რა სახის კითხვები ჰქონდა მათთან გამოძიებას. 

დღის ამბები