მე-12 სკოლაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა. როგორც ცნობილია, დაპირისპირება უფროსკლასელებს შორის სპორტის გაკვეთილზე ბურთის გამო დაიწყო.
როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, მოსწავლემ დაზიანება ძირს დავარდნის შედეგად მიიღო, რასაც სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
როგორც "კურიერისთვის" არის ცნობილი, 16 წლის მოზარდმა დაზიანება ყბა-სახის არეში მიიღო, ასევე აღენიშნება ტვინის შერყევა და დაზიანებები აქვს სხეულზე.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟი, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას ითვალისწინებს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა იმყოფებოდა და მოზარდის საავადმყოფოში გადაყვანა საკაცის დახმარებით მოახდინა. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა.
"სპორტ დარბაზში მოხდა ჩხუბი ბურთის თაობაზე. ამ წაკინკლავების დროს წაიქცა ერთ-ერთი. წამებში მოხდა რეაგირება და ჩავთვალე საჭიროდ გამომეძახა სასწრაფო. ბავშვი გადაყვანილ იქნა ინგოროყვას კლინიკაში. ამჟამად სახლში ბრძანდება ბავშვი," - აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.
ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ ბავშვები და მასწავლებლები, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით შემთხვევა, სპორტის გაკვეთილზე რამდენიმე დღის წინ მოხდა.
"სპორტის გაკვეთილზე იყო როგორც ვიცი, ერთ-ერთმა მე-12 კლასელმა დაბალ კლასელ ბავშვს წაართვა ბურთი და ამის გამო გაღიზიანდა პარალელი მე-12 კლასელი. ხელით შეეხო, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება და მერე ადგომა აღარ აცადა," - ამბობს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.