18 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
უჩიპო პირადობები - ოპოზიცია საკითხს არჩევნების გაყალბებას უკავშირებს

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, უჩიპო პირადობის მოწმობების საკითხს არჩევნებს უკავშირებს. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვებს ბადებს.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. არასამთავრობოები კი ამბობენ, რომ ჩნდება კითხვები, როდესაც სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას ციფრული პასპორტების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვის დასრულებამდე იღებს.

"ივანიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლო, იმ სიმულიანტი ტურავას თაოსნობით, გვაბრუნებს შუა-საუკუნებსა და უტვინო ბარათების ეპოქაში.

ბუნებრივია, პირველი ეჭვი დაკავშირებულია არჩევნებთან, რადგან ლოგიკურია, თუ არ იქნება ე.წ სმარტ ბარათი, რამდენსაც უნდათ იმდენს დაბეჭდავენ, რაც, პრაქტიკულად, უკონტროლო პროცესი იქნება," - განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ. 

საკითხს გამოეხმაურა "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ "სამი ექვსიანი, ჩიპი და ყველა უბედურება" სწორედ ბიძინა ივანიშვილშია ჩაბუდებული. 

"აღნიშნული ქმედება გამოწვეულია იმით, რომ ასიამოვნონ მკვეთრად ეროვნულად განწყობილ ელექტორატს, რომლებიც თვლიდნენ, რომ იქ ეშმაკია ჩაბუდებული. მათ სურთ გადართონ საზოგადოების ყურადღება დაუყონებლივ გადასაწყვეტი პრობლემებისგან ჩიპების მიმართულებით. ყველაზე საშიში მხეცი, სამი ექვსიანი, ჩიპი და უბედურება ჩაბუდებულია ივანიშვილსა და საქართველოს ხელისუფლებაში. როცა მათ გავდევნით მათთან ერთად განიდევნებიან ეშმაკებიც," - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა. 

უჩიპო პირადობებს არჩევნების გაყალბების საკითხს უკავშირებს, ახალი პოლიტიკური ცენტრი -  გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე.

"არ მგონია, ამ გადაწყვეტილების მიღება დამთხვევა იყოს, ვფიქრობ, ამას კავშირი აქვს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებთან და შესაძლოა, ხელისუფლებამ გამოიყენოს ბევრი ყალბი პირადობა," - აღნიშნა ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ. 

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება. ანუ, საქართველოს მოქალაქეებს, რელიგიური შეხედულებების გამო, უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლს მოსთხოვონ პირადობა, ელექტრონული მატარებლის ანუ “ჩიპის” გარეშე.

დღის ამბები