18 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
51-ე სკოლის ყოფილი დირექტორი "პანდას" ბრალდებას პასუხობს

სარეკლამო კომპანია "პანდას" ბრალდებებს, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს და "ნაციონალურ მოძრაობასა" და 51-ე სკოლის ყოფილ დირექტორს ახსენებს, დავით ლაგვილავამ უპასუხა. ლაგვილავა იმ დროს სწორედ 51-ე სკოლის დირექტორი იყო.

ლაგვილავამ აღნიშნა, რომ კლასის დაყოფა მიზანმიმართულად არ მომხდარა და კლასები მესამე საფეხურიდან მიმართულებების მიხედვით იყოფოდნენ

"51-ე სკოლაში, მოგეხსენებათ, საკმაოდ ნიჭიერი და ამ შემთხვევაში, მხიარული მოსწავლეებიც სწავლობდნენ, იმიტომ, რომ ამ კლასს, როგორც მახსოვს, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი ჰქონდა ჩამოყალიბებული. კოკო ბარათაშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც, სხვათაშორის, ლექსებსაც წერდა და ძალიან ნიჭიერი ბავშვია. მე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ ვიდეოზე ცოტა მიჭირს, იმიტომ, რომ კლასის დაშლაზე და რაღაც დიქტატურაზე საუბარი ცოტა სასაცილოა, რბილად რომ ვთქვათ. რაც შეეხება კლასის დაშლას, რა თქმა უნდა, კლასები იშლებოდა ჩვენთან სკოლაში, ისევე, როგორც მანამდე, სანამ კოკო დაამთავრებდა სკოლას, ან ისწავლიდა, და მერეც, იმიტომ, რომ კლასები მესამე საფეხურზე ნაწილდებოდნენ მიმართულებების მიხედვით," - განაცხადა დავით ლაგვილავამ.

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო კომპანია "პანდამ" გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ბრალდებებს პასუხობს. "პანდა" აღიარებს, რომ Facebook-ზე თავიანთი რესურსებით ოპოზიციას, კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" მიზანმიმართულად აკრიტიკებდნენ, თუმცა, ვიდეოს თანახმად, ისინი ამას აკეთებდნენ არა "ქართული ოცნების სიყვარულით", არამედ "დიქტატურის დაბრუნების შიშით".

იქამდე, Facebook-მა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ასზე მეტი ქართული გვერდი წაშალა, რომლის უკანაც ყალბი ანგარიშები იდგა, ხოლო ეს ანგარიშები საქართველოს მთავრობასთან, ასევე სარეკლამო კომპანია "პანდასთან" იყო დაკავშირებული.

Facebook-ის ცნობით, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები