18 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ვაზისუბნის მცხოვრებლები სამშენებლო კომპანია "ენაიდის" დაუპირისპირდნენ

ვაზისუბნის მცხოვრებლები კომპანია "ენაიდის" დაუპირისპრდნენ, მიზეზი კორპუსის მშენებლობაა, რომელსაც კომპანია უკვე 2 წელია გეგმავს. მოსახლეობის თქმით, ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირ სამშენებლო სამუშაოებს არ დაუშვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

"სტადიონზე უარი გვითხრეს იმიტომ, რომ აქ უნდა იყოს მეტრო, თუ სტადიონზე უარი გვეთქვა, როგორ შეიძლება მრავალსართულიანის აშენება,"-  აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი მარიამ მუჯირიშვილი.

ადგილზე იყო მისული მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტიც, მისი თქმით, სამშენებლო მოედნისთვის ღობის გაკეთებას ის ხელს ვერ შეუშლის, თუმცა სამუშაოების დაწყებამდე ყველა დასკვნა გადამოწმდება:

"მიწის სამუშაოები სანამ დაიწყება, ყველა დასკვნას ვნახავთ, თუ რომელიმე დასკვნა აკლია, სამუშაოებს ვერ განახორციელებენ, მაგრამ ღობის კეთებას მე ხელს ვერ შევუშლი," - განაცხადა ლაშა ქობულაშვილმა.

კომპანიის წარმომადგენლები არ აპირებენ მშენებლობის შეწყვეტას და ამბობენ, რომ ყველა პროცესი კანონის შესაბამისად მიმდინარეობს და კორპუსის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება:

"ჩვენ ეს მიწა შევიძინეთ 2 წლის წინ აუქციონის წესით, გვაქვს ნებართვები, იყო მოსული ზედამხედველობის სამსახური და წარვუდგინეთ ყველაფერი, უბრალოდ გვინდა ჩვენი ტერიტორია მეტად დავიცვათ,"  - განაცხადა კომპანია "ენაიდის" წარმომადგენელმა შორენა ფოფხაძემ.

დღის ამბები