თაღლითური სქემა ბინათმშენებლობაში და უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები. კურიერის გუშინდელ რეპორტაჟას დღეს, გაგრძელება მოჰყვა.
დიდ დიღომში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 100-მდე დაზარალებული ოჯახი დეველოპერულ კომპანია "ნიუ სითის" კრიმინალში ადანაშაულებს. როგორც ირკვევა, კომპანიამ ბინები ჯერ გაყიდა, შემდეგ ქონება ბანკში ჩადო და იპოთეკით დატვირთა. შენობაში მოქალაქეებს ცხოვრება ერთი წლის წინ უნდა დაეწყოთ, თუმცა, კორპუსი ამ დრომდე დაუსრულებელია. დაზარალებულები დახმარებისთვის კახა კალაძეს მიმართავენ და მერიისგან კონკრეტული ინვესტორის მოძიებას ითხოვენ.
სამშენებლო კომპანია "ნიუ სითის" ასამდე დაზარალებული ოჯახი დღეს დაუსრულებელ კორპუსთან კიდევ ერთხელ შეიკრიბა. მათ ახალი ინვესტორის მოძიების მოთხოვნით აქციაც გამართეს. დაზარალებულების მიმართვა პირდაპირ თბილისის მერიას ეხებოდა. მოსახლეობა კახი კალაძეს მშენებლობის დასრულებისთვის და ინვესტორის მოძიებისთვის დახმარებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულები უკვე დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ.
კომპანია "ნიუ სითის" მიწის მფლობელი სოსო ფიჩხაძე, რომელიც დაზარალებული ოჯახების პროტესტს თავადაც შეუერთდა განაცხადა, რომ ყოფილი მფლობელი ლევან ვადაჭკორია მას კურიერის რეპორტაჟის გასვლის შემდგომ დაუკავშირდა და კომპანიაში დაბრუნება ითხოვა, რაზეც მისგან უარი მიიღო. სოსო ფიჩხაძე იზიარებს დაზარალებულების მოთხოვნებს, რადგან ამბობს, რომ ვადაჭკორიამ თავადაც დააზარალა. ფიჩხაძე მზადაა სასამართლო დავაშიც მიიღოს მონაწილეობა.
აქციაზე მოგვიანებით სამშენებლო კომპანიის მოქმედი დირექტორიც გამოჩნდა, რომელიც დაზარალებულ ოჯახებთან პრობლემის მოგვარების სამოქმედო გეგმის გარეშე მოვიდა. მან "კურიერთან" მხოლოდ ის თქვა, რომ პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობა მიმდინარეობს.
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ 2017 წელს ლევან ვადაჭკორიამ "რეზიდენს დეველოპმენტის" სახელით დაიწყო, მშენებლობა რომელიც 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო ამ დრომდე გრძელდება. ასამდე დაზარალებული ოჯახი ქირით ცხოვრობს, მათი ნაწილი შესყიდული ფართების გადაფორმებასაც ვერ ახერხებს, რადგან აღმოჩნდა, რომ ნაყიდი ბინები ვადაჭკორიამ იპოთეკით დატვირთა. დღეს, ის "კურიერის" ზარებს არ პასუხობს თუმცა, გუშინ ჩაწერილ სატელეფონო ინტერვიუში ყოფილი მფლობელი ამბობს, რომ უკვე ყოფილია, და არსებული პრობლემები აღარ ეხება, რაც შეეხება იპოთეკაზე დასმული კითხვის პასუხს, მან ტელეფონი გათიშა.
ვინ უნდა აგოს პასუხი დაახლოებიით 4 მილიონ ლარზე, რომელიც დაკარგულად ითვლება ჯერჯერობით უცნობია. სანამ ყოფილი და მოქმედი მფლობელები გაარკვევენ ვისი პასუხისმგებლობაა ზარალის ანაზღაურება, იქამდე დაზარალებული ოჯახები ჩივილს სასამართლოში გეგმავენ და ახალი ინვესტორის მოძიებაში მერიის დახმარების იმედი აქვთ.