კიბერთაღლითობის ახალი სქემა - დანაშაულის სრულიად ახალი მექანიზმი, რომელსაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში იყენებენ.
სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით, პირები საბანკო ბარათების მონაცემებს აკოპირებენ. აპარატი ინფორმაციას პირდაპირი კონტაქტის გარეშე, რამდენიმე სანტინეტრის დაშორებიდანაც იღებს. მოწყობილობა და მისი ნაწილები კი ინტერნეტ საიტებზე იყიდება.
კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგია კი, ტერმინალის მობილური ვერსიაა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, კიბერთაღლითობის და სხვისი თანხის მითვისების შემთხვევები გახშირებულია.
რამდენიმე მეთოდი არსებობს იმისათვის, რომ საბარათე ინფორმაცია თაღლითური გზით გადაწერონ. ერთ-ერთია ახალი ელექტრომოწყობილობა, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის გადმოწერა და თანხების გადარიცხვა ჩანთაზე ან საფულეზე მიდებით არის შესაძლებელი.
აქედან გამომდინარე, ექსპერტები მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
"რომ ჩვენ არ გავხდეთ კიბერდანაშაულის მსხვერპლი, აუცილებელია გვქოდეს ერთი ბარათი ცალკე უშუალოდ ელექტრონული ტრანზაქციებისთვის, რომელზეც მხოლოდ მაშინ გადავიტანთ თანხას, როცა ტრანზაქციას ვახორციელებთ. გადავიტანთ იმდენს, რამდენიც გვჭირდება იმ კონკრეტული შემთხვევისთვის. კარგია, თუ ბარათის უკან არსებულ უსაფრთხოების კოდს მარკერით დავმალავთ," - განაცხადა "უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია - CASE" დამფუძნებელმა ლაშა პატარაიამ.
"კურიერი" რამდენიმე დაზარალებულსაც ესაუბრა.
"ერთ ღამეს, დაახლოებით დილის 5 საათზე ჩემი სახელფასო ბარათიდან იხსნებოდა 15 წუთიანი ინტერვალით თანხა და ირიცხებოდა აჭარაბეთზე. აჭარაბეთზე რომ შევდიოდი, ეს თანხა არ იყო, ანუ თანხა მომპარეს," - აღნიშნა დაზარალებულმა.
კიბერდანაშაულის ზრდა ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება, თუმცა ყველა შემთხვევა საგამოძიებო ორგანოებამდე არ მიდის და სავარაუდოდ რეალურად ვითარება, ექპერტების აზრით, გაცილებით მძიმეა.