18 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
პრეზიდენტმა მსჯავრდებულების შეწყალება შობამდე გადადო - ისევ უცნობია მოხვდება თუ არა მათ შორის დეკანოზი მამალაძე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი პატიმართა შეწყალებაზე 556 ბრძანებულების გამოცემით და პროცედურების გამკაცრებით დასრულდა, თუმცა შეწყალების მოლოდინში მყოფი მსჯავრდებულები ახალ წელს ისევ ციხის საკნებში შეხვდებიან.

პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმისა და საკუთარ დისკრეციულ უფლებაზე უარის თქმის, კრიტერიუმების დახვეწაზე გამოცხადებული მუშაობისა და ბოლოს გიორგობის დღესასწაულის შემდეგ, პატიმრებს ისევ ლოდინი უწევთ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი წელს არც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესა და არც სხვა მსჯავრდებულებს ციხიდან არ უშვებს.

არ დასახელებულა არც მიზეზი, თუ რატომ არღვევს უკვე მეორედ, სალომე ზურაბიშვილი გასული წლების ტრადიციას.

დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატმა კი პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დღეს გიორგი მამალაძეს დაუკავშირა და თქვა, რომ ქვეყანაში დეკანოზის გათავისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს, რის გამოც პრეზიდენტმა შეწყალება უკვე მეორედ გადადო.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ დროისთვის მორატორიუმის დროს შეჩერებული საქმეების განხილვაზე მუშაობს. სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ირინა შენგელია ამბობს, რომ კანონით მინიჭებულ უფლებას პრეზიდენტი საშობაოდ გამოიყენებს.

პრეზიდენტი და შეწყალების აქტი ოპოზიციის მხრიდან მუდმივი კრიტიკის საგანია. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების განცხადებით, შეწყალების გახმაურებული და სკანდალური ფაქტების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციული უფლება სალომე ზურაბიშვილს არც გიორგობის დღესასწაულზე გამოუყენებია. ექსპერტები პრეზიდენტის მხრიდან ჰუმანურობის პრინციპის დარღვევებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მორატორიუმის მოხსნის და რეგულაციების ჩამოყალიბების შემდეგ პრეზიდენტს შეწყალებისთვის ხელს არაფერი აღარ უშლიდა.

უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებებში არ ერევა. საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით თავისი ფუნქცია-მოვალეობები შეასრულა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების კრიტერიუმებზე გარკვეული რეკომენდაციაც გაუწია.

სხვა პატიმრებთან ერთად პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია დეკანოზი გიორგი მამალაძეც. სასულიერო პირების ინფორმაცით, საპატრიარქოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შუამდგომლობა უკვე გაგზავნილი აქვს.

თუმცა ახალი ბრძანებულების მიხედვით პირის შეწყალება მხოლოდ სასჯელის 2/3 მოხდის შემდეგ არის შესაძლებელი, დეკანოზს კი სასჯელის მხოლოდ 1/3 აქვს მოხდილი. მაგრამ იგივე ბრძანებულება სალომე ზურაბიშვილს გამონაკლისის დაშვების უფლებასაც აძლევს.

ვის შეეხება ახალი კრიტერიუმებით გათავისუფლება და მოხვდება თუ არა მათ შორის დეკანოზი მამალაძე ეს აქტის განხორციელების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები