გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამტკიცებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად რურუას შარვალზე მეტალიზაციის კვალი არ აღინიშნება, შესაბამისად არ დასტურდება, რომ მას იარაღი ჰქონდა.
გიორგი რურუას ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
უფლებადამცველი საქმის პოლიტიკურ მოტივირებაზე საუბრობს.
"აქედან პირველი დასკვნის თანახმად გიორგი რურუას შარვალზე და მაისურზე მეტალიზაციის კვალი არ ამოვიდა, ანუ გიორგის შარვალს მეტალის ნივთთან შეხება არ ჰქონდა, მაშინ როდესაც გამოძიების ვერსიით გიორგის შარვლის საქამრეში "ედო" იარაღი.
და მეორე დასკვნის თანახმად, იარაღზე რომლის "ტარებასაც" გიორგის ედავებიან, არ ამოვიდა ანაბეჭდები.
ორივე დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგის იარაღი ჩაუდეს, რადგან შეუძლებელია ატარებდე იარაღს და მასზე არ დატოვო ანაბეჭდები და შეუძლებელია საქამრეში გედოს იარაღი და შარვალზე და მაისურზე მეტალის კვალი არ ამოვიდეს," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა 18 ნოემბერს აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.