"სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქ-ორგ-გაზისთვის" მომავალი 3 წლის ტარიფები უნდა განიხილოს დღეს სემეკმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამტკიცებენ, რომ საკითხი მხოლოდ ფორმალურია და ის ტარიფების მატებას არ ითვალისწინებს.
მათი განმარტებით, ხდება ტარიფის გეგმიური გადახედვა და კომპანიების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლა.
ტარიფების სამმართველოს უფროსი ლიკა გვაზავა სატარიფო გაანგარიშების პროექტზე საუბრობს, რომელიც სპეციალურ კომისიას უნდა წარუდგინონ.
"კომპანიები ვალდებულები იყვნენ კომისიაში წარმოედგინათ სატარიფო განაცხადი, ამის საფუძველზე კი კომისიის აპარატის მიერ მომზადდა სატარიფო გაანგარიშების პროექტი, რომელიც კომისიას წარედგინება დასამტკიცებლად," - განაცხადა ლიკა გვაზავამ.