უზენაესი სასამართლოს 6 ვაკანტურ ადგილზე იუსტიციის საბჭოს მიერ დასახელებულ მოსამართლეთა კანდიდატებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მწვავე შეფასებები მოყვა.
სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ კონსტიტუციაში ხარვეზები რჩება და უცნობია რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდა მოსამართლეთა შერჩევა.
მათივე მტკიცებთ, რეალურად კანდიდატები არა კვალიფიკაციის, არამედ კლანთან დაახლოების საფუძველზე შეირჩნენ.
"საბჭო კარგად ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება, მითუმეტეს წინა გამოცდილების გათვალისწინებით, მათ მიერ ნომინირებული კანდიდატების სრულმა უმრავლესობამ აჩვენა ძალიან დაბალი კვალიფიკაცია. ძალაში რჩება ის შეფასებები, რომელიც დაკავშირებულია კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებთან, კერძოდ, როგორ ხდება ამ სიის დაკომპლექტება და მათი ნომინირების შესახებ გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული," - აღნიშნა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს უზენაესი სასამართლოს დარჩენილ ვაკანსიებზე მოსამართლეების ნომინირებას, რომელიც პირდაპირ არიან ასოცირებულნი კლანთან. საბჭო არ ითვალისწინებს არც სახალხო დამცველის, არც ეუთოს და არც ადგილობრივი ორგანიზაციების კონკრეტულ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" გამგეობის წევრმა ეკატერინე ციმაკურიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 6 ვაკანტურ ადგილზე საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა სია გამოავლინა.
ფარული კენჭისყრის შედეგად საბჭომ შემდეგი ექვსი კანდიდატი შეარჩია: ილონა თოდუა - 10 ხმა; გენადი მაკარიძე - 10 ხმა; ნინო სანდოძე - 10 ხმა; პაატა სილაგაძე - 10 ხმა; გიორგი ტყავაძე - 11 ხმა; თეა ძიმისტარაშვილი - 10 ხმა.
აღნიშნული კანდიდატები განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
აღნიშნული კანდიდატები იმ 50- კაციანი სიიდან შეირჩნენ, საიდანაც 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად ზაფხულში წარუდგინა. 20 კანდიდატიდან კი პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 14 გაამწესა.
სწორედ დარჩენილი 32 კაციანი სიიდან (რადგან ერათმა კანდიდატმა, ზურაბ აზნაურაშვილმა კანდიდატურა მოხსნა) საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი 6 კანდიდატი შეარჩია.
იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს უკვე გავლილი აქვთ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, აღნიშნულ პროცედურას მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტში გაივლიან. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ მოხდება აღნიშნული ვაკანსიების შევსება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.