18 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
"ისეთ დროს მოხდა, როცა ყველას გვეძინა" - თურქეთში ავარიისას დაშავებულები მომხდარის შესახებ საუბრობენ

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - ილგაზის რაიონში ავტობუსი, რომელიც თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრაობდა, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა. მგზავრთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა.

"კურიერთან" სატელეფონო საუბრისას  მგზავრები ავარიის მიზეზზე ვერ საუბრობენ, ისინი იხსენებენ, რომ მათი ავტობუსი ღამით დაეჯახა ტრაილერს, ამ დროს კი ყველა მგზავრს ეძინა.

"ისეთ დროს მოხდა, როცა ყველას გვეძინა. სიზმარში მგონია თავი, არც კი ვიცი, როგორ მოხდა.  დაშავებულები არიან. ზოგს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს თავი გატეხილი... ჩვენ პატარა იარები გვაქვს, მაგრამ ექიმი არ გვჭირდება. ზოგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 13 ადამიანი პოლიციაში ვართ", - განაცხადა მგზავრმა დარეჯან ჯვარშეიშვილმა "კურიერთან" სატელეფო საუბრისას.

მგზავრების ცნობით,  21-მა ქართველმა მგზავრმა მიიღო დაზიანება. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. თურქეთის ერთი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, სამი კი მძიმე მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მგზავრების განცხადებით, არცეთი ქართველი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ნაწილი კვლავ რჩება საავადმყოფოში, ნაწილი კი გამოკითხვაზე იმყოფება.

დღის ამბები