03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
სოფელ არეშფერანში უამინდობამ 40 ოჯახს საზამთროს მოსავალი სრულად გაუნადგურა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში გადაუღებელი წვიმების გამო მაცხოვრებლებს საზამთროს მოსავალი მთლიანად გაუნადგურდათ. ზარალი 40-მდე ოჯახმა მიიღო.

სოფლის მოსახლეობის უმეტესობას საზამთროს მოსაყვანად ბანკებიდან სესხები აქვთ გამოტანილი, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, მაღალი ფასების გამო მოსავალი ვერ დააზღვიეს.

სოფელ არეშფერანის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და იაფი კრედიტების გაცემას ითხოვს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ზარალის ანაზღაურება მხოლოდ იმ ოჯახებს შეეხებათ, ვინც აგროდაზღვევის პროექტით ისარგებლა. თუმცა, ზარალის დათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც ადგილობრივი ხელისუფლება საკითხს მთავრობის წინაშე დააყენებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოითხოვს ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი კი მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს.

 

ავტორები: თათია ხორბალაძე, ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, ნიკა ვაწაძე.

დღის ამბები