კორონავირუსის საფრთხე იყო მთავარი თემა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის ექსპერტები და ინფექციონისტები ესწრებოდნენ.
ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მკვლევარი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე ყველა შესაძლო სცენარი განიხილეს და კონკრეტულ შეთანხმებასაც მიაღწიეს.
"ვისაუბრეთ რა სცენარები შესაძლოა განვითარდეს ყველაზე მძიმე და ყველაზე სასიკეთო შემთხვევაში. ვმსჯელობთ რა ზომებია მისაღები. ნაყოფიერი შეხვედრა იყო და მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებას. ვისაუბრეთ ტესტირებაზე, როგორ უნდა მოხდეს და რა ჯგუფებს უნდა ჩაუტარდეთ. ტესტირება არ არის პანაცეა, ეს კარგად უნდა გვესმოდეს. მთავარი მომენტი, რაც გვაქვს ეს არის იზოლირება, დისტანცირება და სოციალური სოლიდარობა. ჩავთვალოთ, რომ ყველა ვართ რისკის ქვეშ და ყველა უნდა ვიყოთ იზოლაციაში და კარანტინში, სწორედ ეს არის ტესტირების მთავარი არსი. მთავარ იარაღად რჩება იზოლაცია და რეკომენდაციების შესრულება," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
"მედიქლაბის" დირექტორის გიორგი გოცაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე უამრავი თემა განიხილეს, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.
"რამდენად ეფექტური იყო გატარებული ღონისძიებები, ამაზე თავად რიცხვები საუბრობს. საქართველო არის უპირატეს მდგომარეობაში. ეფექტურობაზე შედეგები საუბრობს. მოსახლეობამდე ცოტა ცხადად უნდა მივიტანოთ ინფორმაცია. მგონია, რომ ცოტა აჟიტირებულად აღიქვამენ მდგომარეობას. სიცხის და ყელის ტკივილის დროს არ არის აუცილებელი ექიმთან გაქცევა, რადგან ასეთ დროს ინფიცირების შანსი უფრო მეტია საავადმყოფოდან. ასევე ამ მდგომარეობით არ უნდა დავამძიმოთ ჯანდაცვის სისტემა. სისტემამ 20% უნდა მოუაროს, რომელსაც ნამდვილად სჭირდება მოვლა და მთელი ყურადღება ანუ ვისაც სიმპტომები აქვს ვირუსის და არაა გრიპის,"- განაცხადა გიორგი გოცაძემ.