სამედიცინო სფეროს დაინფიცირებული წარმომადგენელი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია - ეს ინფორმაცია გვიან ღამით აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა.
ნინო ნიჟარაძის თქმით, წყარო სავარაუდოდ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია. მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
"ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთნის დაინფიცირების შესაძლო კონტაქტი, გარკვეული სამედიცინო პრობლემების მქონე პაციენტია. ამასთან, მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი, დაახლოებით -15 ადამიანი. მათ შორის არის, როგორც ოჯახი, ასევე სამედიცინო პრესონალი,"- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.
სულ აჭარაში კორონავირუსით უკვე 8 ადამიანია დაავადებული. სწორედ აღნიშნული ვირუსი იყო აჭარაში ჯანდაცვის მინისტრის ექიმებთან შეხვედრის მთავარი თემაც. შეკრებილებმა არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს.