03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
მოწმე ლადო ბერძენიშვილი ამბობს, რომ დაინახა - როგორ ესროლა ოქროპირიძემ ლაშა მახარაძეს

ვაკეში საზარელი მკვლელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ამ წუთებში პროცესზე ლადო ბერძენიშვილს კითხავენ.

ბერძენიშვილი ის პირია, რომლის ავტომობილშიც მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე იმყოფებოდა და საიდანაც ოქროპირიძემ სასიკვდილო ჭრილობები ლაშა მახარაძეს მიაყენა.

ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესზე ის დღე გაიხსენა, როდესაც მკვლელობა მოხდა.

„მივედით, ჩაკუზული იყო ლაშა. მან უთხრა, თუ რატომ ველაპარაკებოდით მანქანიდან. მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი და გავიგე გასროლა დავინახე ლაშა მახარაძე როგორ გადაყირავდა, ოქროპირიძეს ხელში იარაღი ჰქონდა,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

სასამართლოზე ლაშა ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ შემთხვევის მერე მან ავტომობილი ავტოფარეხში დატოვა, თვითონ კი სტეფანწმინდაში (ყაზბეგში) წავიდა.

ლაშა ბერძენიშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა ისიც, რომ ის ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ნათესავია, თუმცა ამბობს, რომ ის მას თვალით არასდროს უნახავს.

„კი ყოფილი მინისტრი ჩემი დის ნათლია არის. მაგრამ მე ის ნანახი მყავს ნათლობის კასეტაზე და ტელევიზორში. მას ჩემი დაც კი არ იცნობს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ლაშა მახარაძის მკვლელობის შემდეგ ლადო ბერძენიშვილი მიიმალა და მოგვიანებით გამოჩნდა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მალევე განთავისუფლდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ბერძენიშვილი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ის მაშინ მოქმედი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ნათესავი იყო.

სასამართლო განხილვები ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გრძელდება. პროცესს მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძეც ესწრება. 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები