03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
800-კომლიან სოფელს წყლის, გაზისა და გზების პრობლემა აწუხებს

თბილისთან ახლოს მდებარე 800-კომლიან სოფელ სამგორის მოსახლეობას წყლის, გაზისა და გზების პრობლემა აწუხებს. სოფლის მოსახელობას სერიოზულ პრობლემას ახლოს მდებარე ნაგავსაყრელიც უქმნის.

ნაგავსაყრელი, რომელიც სოფლიდან 800 მეტრის დაშორებითაა, რუსთავის მერიამ 4 წლის წინ ააშენა. ქალაქის მთავრობამ მშენებლობაზე 5,5 მილიონი ლარი დახარჯა. ტერიტორიის 80%-ს რუსთავის მერია, დარჩენილ 20%-ს კი გარდაბნის მუნიციპალიტეტი ფლობს.

ნაგავსაყრელის დირექტორი არსებულ მძიმე მდგომარეობას არ უარყოფს, მაგრამ როდის შეიძლება პრობლემა მოგვარდეს, არ იცის.

სოფლის წყალმომარაგებაზე 8 თვის წინ 300 ათასი ლარი დაიხარჯა. თუმცა, წყალი ონკანში იშვიათად მოდის და ისიც სასმელად უვარგისია. წყლის გადასახადი კი ოჯახებს ყოველთვიურად მაინც მისდით.

ახალ სამგორში კვირაში ერთხელ წყლით დატვირთული მანქანა ადის. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა 100 ლიტრ წყალს 2 ლარად ყიდულობს.

ახალ სამგორში კურიერის გადამღები ჯგუფი გასული წლის ზაფხულშიც იმყოფებოდა. მაშინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პრობლემის ზამთრამდე მოგვარებას დაპირდა. წელს კი ბიუჯეტში სოფლის პრობლემის მოგვარებისთვის თანხები გამოყოფილი არ არის.

 

ავტორები: ვანო გავაშელი, დავით ცინცაძე.

დღის ამბები