09 სექტემბერი 2026,   08:38
ვრცლად
გუდაურში მომხდარი მკვლელობა - ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს სავარაუდოდ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

გუდაურში მომხდარ ორ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს, სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

მისივე განცხადებით, ვიდეოკამერის ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა და არაფერი აქვს საერთო იმ დანაშაულებთან, რაშიც მას ბრალს დებენ. მისივე თქმით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მხარეები დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ​

"სასამართლო სხდომაზე გადაწყდება ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ საქმეს, თუ სასამართლოს მივანდობთ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას. სასამართლო იმსჯელებს იმ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც არის გადამწყვეტი საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. ვიდეოკამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილი არის უდანაშაულო, ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში, ის იცავდა თავს თავდამსხმელისგან. მერაბ კობიაშვილის ქმედებას არაფერი აქვს საერთო იმ მუხლებთან, რომლითაც მას ბრალი აქვს წაყენებული,"- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილს განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. პარალელურად, ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი 6 პირის საქმე, რომელთაც მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობაში არიან ბრალდებულები.

დღის ამბები