18 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ჩვენ ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა თბილისიდან - პრემიერი კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კახეთში ტურისტული სექტორის წარმოამდგენლებს ხვდება.

პრემიერი მათ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას აცნობს, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და  რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

"კახეთში აბსოლუტურად კარგად მიდის ყველაფერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მაგრამ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს. საცოდაობაა ახლა კახეთში, ასეთ დროს, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი იყოს. ასეთი ცარიელი კახეთი ძნელი საყურებელია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ.

პირველ რიგში ეს ეხება ტურიზმს. ახლა ყველას კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია. აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი. გაკეთდა ბევრი მარანი. ამ ყველაფერს მომხმარებელი სჭირდება. ამიტომ მარტივ რაღაცას ვამბობთ, საქართველომ ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. კახეთში ამის გაკეთების შესაძლებობა იქნება.

მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს კოვიდის რისკებს. ეს გადაივლის, გავიმარჯვებთ, მსოფლიო იქნება ცოტა სხვანაირი, სულ სხვა გლობალური კონკურენცია იქნება და უფრო მომზადებულები უნდა ვიყოთ ამისთვის.

ერთ რამეს უნდა შევეგუოთ, სამწუხაროდ ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს, ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც უნდა მოვემზადოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, იმ რაოდენობის ტურისტს, როგორც შარშან, ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენ, ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიც არის ჩვენი ისტორია, სამზარეულო, კულტურა, ამას ყველაფერს უნდა დავამატოთ ის, რომ საქართველო ვირუსს ეფექტურად უმკლავდება და შეუძლია, როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა.

ჩვენ ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა თბილისიდან. თბილისში რისკები სხვა არის და ბევრად უფრო რთულია, რეგიონში ბევრად უფრო მარტივია. ერთბაშად, სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. პირველ რიგში, უნდა ვიყო კოვიდისგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია ყველაფერზე ვილაპარაკოთ.

ყველას ვესაუბრებით იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი, ვინც სტუმრებს მიიღებს. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება სუფთა კორიდორების შესაქმნელად. თითოეულ ელჩს აქვს დავალება, რომ ყველგან განაცხადოს - საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეეძლება მიიღოს სტუმრები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები