03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
თბილისში წყლის ტარიფის გაზრდაზე GWP-ს მარეგულირებელმა კომისიამ უარი უთხრა

GWP სემეკის წინააღმდეგ. თბილისში წყლის ტარიფის გაზრდაზე კომპანიას მარეგულირებელმა კომისიამ უარი უთხრა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას წყალგამანაწილებელი კომპანია, სავარაუდოდ, არ შეეგუება.  

GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იმ მიზეზებზეა საუბარი, რომელთა გამოც ტარიფის ცვლილება იყო აუცილებელი. 

„GWP არ ეთანხმება სემეკის მიერ დადგენილ ტარიფს. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო წყლის ტარიფის ცვლილება 2015 წელს. სემეკმა ტარიფის დადგენისას არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ გაითვალისწინა სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგება. ამ გადაწყვეტილებით დაირღვა ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება ტარიფის ცვლილების შესახებ,“ - წერია განცხადებაში.

ოპოზიცია ტარიფების მატებას გარდაუვლად მიიჩნევს.

ნაციონალურ მოძრაობასა და თავისუფალ დემოკრატებში აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების გამო არა მხოლოდ წყლის, არამედ დენისა და გაზის ტარიფებიც მოიმატებს. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სემეკის განცხადება სამართლიანია. თუმცა, პარლამენტში მზად არიან, GWP-ის პრეტენზიები შეისწავლონ.

GWP სახელმწიფოსთან ურთიერთობის გარკვევაში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართვას გეგმავს.

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი

დღის ამბები