03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღეს ყველაზე პომპეზური სანახაობა 15 სამხედრო თვითმფრინავი იქნება

26 მაისს სამხედრო კომპონენტის ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა დედაქალაქის თავზე მფრინავი "იროკეზის" ტიპის 3 შვეულმფრენი, ამდენივე L-39 ტიპის თვითმფრინავი "ალბატროსი" და SU-25 იქნება.

თვითმფრინავები დედაქალაქის თავზე თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და გლდანის რაიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით გადაიფრენენ.

მზადება თავდაცვის უწყებამ უკვე დაიწყო.

სამხედრო აღლუმს ქვეყნის პირველი პირი წელსაც ვერ ჩაიბარებს. გიორგი მარგველაშვილი რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება და ამის შემდეგ ქუთაისში მესამე ბრიგადაში გაემგზავრება.

რუსთველის გამზირზე წელსაც არ ჩაივლის სამხედრო ტექნიკა.

მოქალაეებს "დელტას" ტიპის სამხედრო ტექნიკის დათვალიერება საქართველოს 12 ქალაქში, მათ შორის თბილისშიც შეეძლებათ. სამაგიეროდ დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე საციგურაო მოედანზეც აღნიშნავენ.

დაგეგმილია ხელოვნური გათოვლიანების კუთხის მოწყობა, სადაც საციგურაო მოედანი განთავსდება.

დღის ბოლოს პარლამენტის შენობის წინ გალა-კონცერტი გაიმართება.

სამხედრო აღლუმზე მორიგ უარს ოპოზიცია აკრიტიკებს.

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული რღვევა მიმდინარეობს.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი სამხედრო კომპონენტის უფრო მეტად ჩართულობის მომხრეა.

დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმს მთავრობა უკვე მესამედ არ ატარებს. კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 26 მაისს მხოლოდ სახალხო სეირნობა იმართება.

დაგეგმილი ღონისძიების გამო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს ღონისძიებების დასრულებამდე შეიზღუდება.

ავტორი: ნატა მახვილაძე

 

დღის ამბები