09 სექტემბერი 2026,   08:42
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტმა თბილისის მთავარ პროკურატურაში კახა კალაძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

სამოქალაქო აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა თბილისის მთავარ პროკურატურაში დედაქალაქის მერის წინააღმდეგ განცხადება დატოვა. მისი თქმით, ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს მომხდარი ინციდენტი დანაშაულია, რაზეც კანონის წინაშე კალაძემ პასუხი უნდა აგოს.

საჩივარი შეიტანეს, თუმცა ვარკეთილის ინციდენტში მონაწილეების მოლოდინია, რომ პროკურატურა საქმეს არ გამოიძიებს.

"დარწმუნებული ვარ და მთელი საქართველო დარწმუნებულია, რომ შეშინებულია პოლიცია და პოლიცია არავითარ შემთხვევაში არ გადააგზავნის ამ საქმეს პროკურატურაში. პირადად გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავი გენერალურ პროკურატურაში და მეჩივლა ბატონი ხულიგანი მერის წინააღმდეგ," – აცხადებს კახა კვეკვესკირი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეცვალეს“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ კახა კალაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების პრინციპით უნდა იმოქმედოს.

"ზუსტად იმავე ფორმით უნდა იმოქმედოს პროკურატურამ, რა ფორმითაც იმოქმედა იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომელი ახალგაზრდებიც დაადანაშაულეს "ქართული ოცნების" დეპუტატის პიჯაკის გარღვევისთვის და მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს," - აცხადებს დიმიტრი ბიძინაშვილი.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში სკვერის გახსნისას მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მერს შეძახილებით და საყვირებით დახვდნენ. მას ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, მერმა მას მაისური შემოახია. 

დღის ამბები