დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარის 2 მოწმე დაიკითხა. ერთი აქციის მონაწილეა, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა რურუასთან ერთად 20 ივნისის ღამეს და ასევე, ადვოკატი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და დნმ-ის აღების პროცესს არ დაასწრეს.
სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა თავად გიორგი რურუაც, რომელმაც განაცხადა, რომ იმ ვიდეოჩანაწერში, რომელიც მის ჩხრეკას ასახავს, ნათლად ჩანს, რომ იარაღი არ აქვს.
"დღეს შესრულდა 7 თვე, რაც დამაკავეს და რაც ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში. საკასაციო სასამართლოს ერთი წინადადებით, ერთი განკარგულებით შეეძლო მთლიანად ნათელი მოეფინა ამ უკანონობისთვის, ამ საქმისთვის, რაც მდგომარეობდა შემდეგში, რომ ამოეღოთ ვიდეოჩანაწერები პოლიციის სამმართველოდან, სადაც ჩატარდა ჩემი რეალური ჩხრეკა და იქ ჩანს, რომ პარალონის, გასაღების გარდა მე არაფერი არ მქონდა. არანაირი იარაღი მე არ მქონდა,"- განაცხადა გიორგი რურუამ.
გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულის ჩხრეკა ადვოკატთან შეუთანხმებლად და მის გარეშე მოხდა.
"ადვოკატმა, ამ შემთხვევაში, შოთა კახიძემ იცოდა, რომ საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარებულიყო, ოღონდ იცოდა, რომ ეს მოქმედება უნდა ჩატარებულიყო ორშაბათს. შეთანხმება შედგა ადვოკატსა და გამომძიებელს შორის. ამის შემდეგ, გამომძიებლები მოტყუებით და მალულად შევიდნენ გიორგი რურუასთან, რომ ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, პარასკევსვე ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება. ეს მარტო ჩვენი პოზიცია კი არ არის, ამის ამსახველი აუდიოჩანაწერი გვაქვს, სატელეფონო კომუნიკაციის, რომელიც საქმის მასალებში არსებობს,"-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
საქმის პროკურორმა ვასილ სამხარაძემ კი განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საკითხი ადვოკატთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს შეთანხმდა.
"მოცემული საგამოძიებო მოქმედება საერთოდ არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულებას. შესაბამისად, მასზე რაიმე მტკიცებას ჩვენ არ ვახდენთ. ადვოკატი ნამდვილად არ ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას, თუმცა საქმის მასალებშია, რომ მას შეეთავაზა, სატელეფონო ზარი განხორციელდა და საქმის კურსში იყო, რომ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედება. ადვოკატის ორდენი გამოძიებაში წარადგინა, დაახლოებით, 20 დღის შემდეგ, შესაბამისად, ალოგიკური იყო მისი ჩვენება,"-განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, გამოძიება გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.