26 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
5 საათია მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

უკვე 5 საათია მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას 17-ვე ბრალდებული ესწრება. პროკურატურა ყველა მათგანისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს, ადვოკატები კი გირაოს შუამდგომლობას აყენებენ.

სასამართლომ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

"ბრალდების მხარის დასაბუთება არის შაბლონური მიდგომა, მათ წერილობითაც კი არ წარმოუდგენიათ ის შუამდგომლობა, რაც სავალდებულოა, როდესაც აღკვეთი ღონისძიების თაობაზე ვიხილავთ საკითხს სასამართლოში.

სავალდებულოა ბრალდების მხარემ წერილობით წარმოადგინოს, თუ რის საფუძველზე ითხოვს აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრ - პატიმრობის გამოყენებას. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათ 10 წუთში ჩამოაყალიბეს ის საფრთხეები, რაც ბრალდებულების მიმართ არსებობს, ეს არის მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ეს არის ბუტაფორია და აბსტრაქცია,"- აცხადებს არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენი მუხლით მიმდინარეობს. 17 დაკავებულს პროკურატურა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხულიგნობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

დღის ამბები