საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაციული გადაწყვეტილება - დღეს ცნობილი ხდება, რომ მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე და ხვიჩა მღებრიშვილი გაიტაცეს, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2 კვირის წინ გატაცებულ მღებრიშვილს უკანონო ტყვეობის ვადა გაუხანგრძლივა.
"თავისუფლება ოკუპანტების ტყვეებს" - საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებები დედაქალაქში მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას დღეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. როგორც ირმა ბუთხუზი ამბობს, მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. ოჯახი დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს.
ზაზა გახელაძე ოკუპანტების მიერ მხარდაჭერილმა ბანდფორმირერებმა 11 ივლისს ფეხის არეში დაჭრეს, შემდეგ კი ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანეს. საოკუპაციო რეჟიმი მას საზღვრის უკანონო კვეთასა და სამხედროს სიცოცხლის მოსპობის მცდელობას ედავება. ბოლო ინფორმაციით, გახელაძე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინში იმყოფება. დღეს "კურიერი" საოკუპაციო ზოლს მიღმა არსებულ პირობებთან დაკავშირებით ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა, რომელმაც ოკუპანტების ტყვეობაში თითქმის 2 თვე გაატარა.
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კვლავ ვერ მოინახულეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მას რამდენიმე დღის წინ ახალგორში მცხოვრებმა ჟურნალისტმა ტანსაცმელი და პირველადი საჭიროების საგნები გადასცა, თუმცა ტყვესთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა.
ოკუპანტები ამ ეტაპზე არც ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას გეგმავენ. 47 წლის მამაკაცმა საკარანტინო რეჟიმი გაიარა, თუმცა, როგორც გაირკვა, მას 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ. ინფორმაცია ოჯახს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მეჯვრისხევის მკვიდრი ბანდფორმირებებმა 3 ივლისს აბსურდული ბრალდებით დააკავეს.
საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლების თქმით, ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი გაააქტიურა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში სულ დაკვებულია 6 პირი, სამი მათგანი გადაყვანილია ოკუპირებულ აფხაზეთში, დანარჩენი 3 კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში.
აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთულია, ვინაიდან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს არ ეძლევათ საშუალება, ამ ადამიანებს უშალოდ შეხვდნენ.