27 დეკემბერი 2024,   00:02
ვრცლად
ქუთაისში მომხდარი ახალგაზრდა ქალის მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია 45 წლის ქალი

ქუთაისში მომხდარი ახალგაზრდა ქალის მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობისთვის 45 წლის ქალი დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა," - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები