გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა უფლებადამცველები კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებენ და მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობში გაასაჩივრებენ.
თუმცა მოლოდინი, რომ მათი მოთხოვნა ამჯერად მაინც დაკმაყოფილდება - არ აქვთ. მოსამართლემ გუშინ 11 სრულწლოვანი ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
"ამ პირების დაპატიმრება რელევანტური არ არის, ამიტომ გასაჩივრებას ვგეგმავთ. ასევე ეჭვით ვუყურებთ იმ საკითხს, რომ ამ ეტაპისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაისინჯოს და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გამოვიდეს. კონკრეტულად ჟვანიას ქმედებას თუ შევაფასებთ, მისთვის საპატიმრო ღონისძიება თავისუფლად შეიძლება რომ არ იყოს გამოყენებული,"- აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.
თენგო ბარბაქაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შაქარაშვილის ამბავთან საერთო არაფერი აქვს.
"მოსამართლის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით 48 საათში და დაველოდებით გადაწყვეტილებას. სიმართლე რომ ვთქვა, იმედი ნაკლებად მაქვს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ ნაწილში, რასაც გვედავებიან, სრულიად უდანაშაულოა. ხოლო, რაც შეეხება შაქარაშვილის თემას, ის მასთან საერთოდ არ არის კავშირში,"- აღნიშნავს თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.
არჩილ გაგნიძის ადვოკატის განცხადებით კი, არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩენილიყო.
დაკავებულებს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. მკვლელობის ბრალდება ამ ეტაპზე წაყენებული არავის აქვს. რაც შეეხება, არასრულწლოვნებს - მათი პროცესი 31 ივლისს შედგება.