03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
"გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყნის მიღმა," - ირაკლი ღარიბაშვილი

"გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყნის მიღმა. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, ექიმები, პროფესორები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების კარი მათთვის არის ღია. ეს მათი სამშობლოა," - ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი პირველი პროფესიული ფორუმის მონაწილეებს. ფორუმი ამ წუთებში მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება პრემიერმა გახსნა. 

"ჩვენ 77 სტუდენტი საუკეთესოთა შორის ავარჩიეთ და გავუშვით საზღვარგარეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში. მე მათთან გავაფორმე ხელშეკრულება. ისინი არიან ვალდებული დაბრუნდნენ სამშობლოში და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა, მოახმარონ ჩვენს სამშობლოს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ამ პროგრამით საზღვარგარეთ წელს კიდევ 115 სტუდენტის გაგზავნას გეგმავს, თუმცა ისინი კვლავ საქართველოში უნდა დაბრუნდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხის ორმაგი კომპენსირების მოხდენა მოუწევთ.

საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც.

ფორუმს საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სხვა ქვეყნებშიც გაიმართება.

დღის ამბები