დღეიდან თელავში "რთველი 2020"-ის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლებამ შექმნა ყველა მექანიზმი, რომ წლევანდელი რთველი წარმატებით ჩატარდეს და მევენახეებმა სარგებელი ნახონ.
უწყების პირველმა პირმა, ასევე ყურადღება გაამახვილა რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რთველი სუბსიდიის გარეშე, წარმატებით ტარდებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მთავრობამ ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა. მისი განცხადებით, რთველის სუბსიდირება იძლევა მინიმალურ გარანტიებს, რომ მევენახე ფერმერების საქმიანობა იყოს დაფასებული და მათ ნაკლები პრობლემებით გაიარონ 2020 წლის რთველის სეზონი.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და ღვინის კომპანიების მენეჯერები დაესწრნენ.
როგორც ცნობილია წელს კახეთის რეგიონში 300 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავლის მიღებას ელოდებიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: 1 კგ რქაწითელისათვის - 0,30 ლარი; 1 კგ კახური მწვანისთვის - 0,30 ლარი.
ხოლო, სუბსიდირებული რქაწითელისა და კახური მწვანის შესყიდვაზე ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში სახელმწიფო მმართველობაში არსებული სს "აკურა" ჩაერთვება.
საკოორდინაციო შტაბი რთველის დროს იმუშავებს 24-საათიან რეჟიმში.
რთველი სექტემბრიდან, დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს კახეთის რეგიონს.