ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამას გამოკითხვა დასრულდა. როგორც თამაზ ხომასურიძემ განაცხადა, გამოკითხვაზე მის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიბარეს.
კერძოდ, საუბარია ე.წ. დაჯგუფება "თეთრ ისარზე". მისივე განმარტებით, დღეს მის საცხოვრებელ სახლში სამართალადამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, ამოიღეს მისი პირადი მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და საბუთები.
თამაზ ხომასურიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მას სამართალდამცავების შეკითხვებზე არ უპასუხია.
"როგორც ვფიქრობდი, გუშინდელთან დაკავშირებით ექნებოდათ კითხვები, თუ საიდან მქონდა ინფორმაცია ორგანიზაცია "თეთრი ისრის" შესახებ, თუმცა მე საუბარზე და პასუხის გაცემაზე უარი ვთქვი.
თუ მოსამართლე განჩინებას გამოიტანეს, რომ მე ვალდებული ვიქნები ჩვენება მივცე, მაშინ გავაკეთებ ამას,"- აცხადებს არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე.
რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მისი თქმით, თამაზ ხომასურიძის განცხადებები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამაზე სწრაფი რეაგირება უნდა მოხდეს.
"ასეთი ადამიანები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. საღ ჭკუაზეა, თუ არა ის, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა ეს ადამიანი იმ პოტენციის მატარებელი იყოს, რომ ვიღაცას რაღაც დაუშაოს. მე მგონი დროულად უნდა მივიღოთ ზომები. მე ამ ყველაფერს, არ აღვიქვამ სერიოზულად, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ის ზოგადი საფრთხის მატარებელი იყოს.
ვიღაცამ მაინც ურჩიოს, რომ ყოველ დღე ნუ უდასტურებს საზოგადოებას, რომ მისი შვილი აბსოლუტურად შესაძლებელია განზრახ მკვლელობის ჩამდენი იყოს,"- აღნიშნავს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.