09 სექტემბერი 2026,   15:18
ვრცლად
გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებიის თქმით, მოზარდის სიკვდილის გამო პასუხი უნდა აგოს არა მარტო მამამ, არამედ ბიძამ და მეორე ბებიამ

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ. საკითხზე ქუთაისის სასამართლომ უნდა იმსჯელოს. არ არის გამორიცხული გარდაცვლილი ბავშვის მამას ბრალი დაუმძიმდეს, ეს ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

ნათესავები ფიქრობენ, რომ მამამ 11 წლის შვილი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინა. გამოძების ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დაკავებული შვილზე სისტემატურად ძალადობდა. ბავშვი 23 აგვისტოს ჩამომხრჩვალი იპოვეს. ნათესავების თქმით, მამაკაცი ძალადობდა უფროს 3 შვილზეც.

მოზარდის ბებია როზა ბოგვერაძე სიძის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენებას ითხოვს:

"რას ჰქვია 4 წელი, რატო 4 წელი, თუ იმან თავი მოიკლა, ხო მამამ მიიყვანა იმ ზომამდე?" - აცხადებს როზა ბოგვერაძე.

ბავშვის ბებია "კურიერთან" ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს:

"თავის დას ჰყავდა წაყვანილი, ბოლო კვირას იქ იყო. კვირას ხომ ეს ამბავი მოხდა და შაბათს მამამისი მისულა. რომ მოჰყავდა თავის დისთვის უთქვამს, არ გამიშვა დაიო. იმას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა, ფრონტს ატეხავდა, ყველა ერიდება აყალ-მაყალს, როგორ მოიფიქრებდა, რომ მამაჩემი მოკლავს შვილსო და გამოატანა. უთქვია თავისი დისთვის, პატრულის ნომერი ჩამაწერინეო," - აცხადებს ბავშვის ბებია.

როზა ბოგვერაძის თქმით, ბავშვის დაცვა გარკვეული პერიოდის წინ დეიდამ სცადა, თუმცა მისი სიძის მხრიდან ისიც გახდა მუქარის სამიზნე:

"იმას უშვებდნენ ხოლმე გარეთ და ბავშვს, რომ პოლიციისთვის ეთქვა, კი მოკლავდა მერე და იყო გაჩუმებული. რომ დაიცვა ჩემმა შვილმა, დეიდამ, მოსაკლავად მიუხტა, ვეღარ შედიოდნენ იმ ეზოში, ბავშვსაც არ უშვებდა იმასთან," - ამბობს როზა ბოგვერაძე.

გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია ამბობს, რომ ბავშვის სიკვდილის გამო პასუხი უნდა აგოს, არა მარტო მამამ, არამედ ბიძამ და მეორე ბებიამაც, რადგან მათ ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.

"სამივემ უნდა აგოს პასუხი, დედამაც კარგად იცოდა და შვილებმაც, კარგად იცოდნენ რასაც სჩადიოდა ამ ბოლოს თავისი შვილი, სხვას რომ თავი დავანებოთ,"- განაცხადა როზა ბოგვერაძემ.

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ბავშვის მამა 28 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები