ქუთაისის შემოსავლები 8 მილიონ 300 ათასი ლარით შემცირდა და მოხდა ბიუჯეტის სეკვესტრი - ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის საკრებულომ განახორციელა ბიუჯეტის სეკვესტრი 2 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 5 მილიონ 600 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ახალი საგარეო ვალით დაკომპენსირდა.
გიგა შუშანიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში შევარდნაძის ეპოქა დააბრუნა.
"დღეს ქართული ოცნება ქუთაისელებს გვეუბნება, რომ კრიზისის გამო იძულებულია ამ ნაბიჯზე წავიდეს, თუმცა ეს კრიზისი მხოლოდ რიგით ქუთაისელებზე ვრცელდება და ის არ ეხება "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს. განხორციელებული სეკვესტრით 1 თეთრითაც არ შემცირებულა ქუთაისის მერის, იმერეთის გუბერნატორის და მათი მოადგილეების, "ოცნების" სხვა მაღალჩინოსანთა ხელფასები და ისინი ისევ გააგრძელებენ ბიუჯეტის საკუთარ კომფორტზე და ნათესავების და ახლობლების შენახვაზე ხარჯვას.
"ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ეს არის ქართული ოცნების და პირადად ივანიშვილის მიერ, ქუთაისის წინააღმდეგ განხორციელებული მავნებლური, მტრული დამოკიდებულების და არასწორი პოლიტიკის შედეგი, რის გამოც ქუთაისი იქცა დაპაუზებულ და უფუნქციო ქალაქად,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.