03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
შს მინისტრი ხანგოშვილის საქმეში სპეცსამსახურების კვალს არ გამორიცხავს

შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმა სპეცსამსახურების ორგანიზებული იყოს. ეს განცხადება ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და დასკვნების გაკეთებას ნაადრევად მიიჩნევს.

„გამოძიება მიდის და ამაზე ვერავინ იტყვის რუსულმა, თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა, თუ ჩვენმა მოქალაქემ გააკეთა. ამაზე გამოძიება  მიმდინარეობს და ცნობილი გახდება როგორც კი დავადგენთ,“ - განმარტა ვახტანგ გომელაურმა.

ჭორებზე დასკვნების გაკეთებას ნაადრევად მიიჩნევს ვიცე-პრემიერიც, კალაძის თქმით, საზოგადოება უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს.  

„საიდან გამოიტანეს ეს დასკვნა, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ იქნა დაჭრილი. ეს არის დაჭრის ფაქტი, რაზეც ალბათ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. შესაბამისად, ჩატარდება გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ჭორაობაზე დაყრდნობით ხომ არ გამოვიტანთ დასკვნებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.  

ხანგოშვილის საქმეზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს თავდაცვის მინისტრი, რადგან მისივე თქმით, მისი მხრიდან ამ თემაზე კომენტარი არასწორი იქნება. როგორც ხიდაშელი განმარტავს, ის ამ თემაზე სამართალდამცავებს ესაუბრა და როგორც კი საჯაროდ რაიმეს თქმა იქნება შესაძლებელი, ისინი გააკეთებენ კომენტარებს.

ზელიმხან ხანგოშვილი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცველებს მისი დაკითხვის შესაძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ჰქონდათ. თავდასხმის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. სამართალდაცველები თავდამსხმელის იდენტიფიცირებას ცდილობენ.

დღის ამბები