ოკუპირებულ რეგიონში არეულობაა, ცხინვალში საპროტესტო აქციები ისევ დაიგეგმა. დღესვე საგანგებო სესიაზე იკრიბება ე.წ. პარლამენტი, რომლის წევრებიც არსებულ სიტუაციაზე იმსჯელებენ, ასევე განიხილავენ ე.წ. გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხსაც, რაც მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. რუსეთის მიერ კონტროლირებად ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში.
"ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მსგავსი მომენტები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ რუსეთზე ზეწოლა განახორციელოს და კიდევ ერთხელ მიაპყროს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება იმაზე, თუ რა ხდება ცხინვალის იზოლატორში და ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს დანაშაულებრივად მოიხსენიებს "ლელო საქართველოს" წარმომადგენელი ლანა გალდავა, მისი თქმით, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასიურად ირღვევა.
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ჩვენი 3 მოქალაქის: ბესტაევის, გახელაძის და მღებრიშვილის ცხინვალის იზოლატორიდან გასათავისუფლებლად, ასევე დასვან საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციებთან," - აცხადება ლანა გალდავა.
შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ინალ ჯაბიევის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა საქმე უნდა აღძრან და დამნაშავეებზე ინტერპოლით ძებნა უნდა გამოცხადდეს:
"ის არის ჩვენი მოქალაქე, ინალ ჯაბიევი, რომელიც არის წამებით მოკლული ცხინვალის პუტინოიდური რეჟიმის, ე.წ მილიციის, ანუ უკანონო შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელთა მიერ, აღნიშნულის გამო დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას საქმე განზრახ მკვლელობის საქმე და ვინც ამაში მონაწილეობდა გამოცხადდეს ინტერპოლით ძებნა,"- აღნიშნა ნათელაშვილი.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი, მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაში არიან არა მხოლოდ ეთნიკური ქართველები, არამედ ოსებიც. იონათამიშვილის თქმით, საქართველო აქტიურად აყენებს ამ საკითხს საერთაშორისო ტრიბუნაზე.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის თქმით, მისი ინფორმაციით ინალ ჯაბიევი თავად არ მონაწილეობდა დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანის დაცხრილვაში, არამედ ნაცნობობა აკავშირებდა ეჭვმიტანილებთან. თავად ნანიევზე თავდასხმა კი არა პოლიტიკურ არამედ კომერციულ ხასიათს ატარებდა.
"იქ მიღებულია, რომ თუ გაქვს ძალაუფლება, ასე ფიზიკურად გაუსწორო ანგარიში მოწინააღმდეგეს, ან იარაღი უნდა იხმარო და ან დააკავო და ცემა-ტყეპით შეაცვლევინო აზრი,"- განაცხადა მამუკა არეშიძემ.