თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით, დეკანოზ შალვა კეკელია, ამბობს, რომ ეკლესიას თავისი კანონები აქვს რომელსაც ვერ გადაუხვევს, თუმცა მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას ადამიანები არ უყვარს.
"ძალიან მძიმეა, რაც მოხდა და მე ვფიქრობ, ეკლესიას აქვს თავისი კანონიკური წესები, რომელსაც ვერ გადაუხვევს, არა იმიტომ, რომ ადამიანი არ უყვარს, პირიქით, ადამიაზე ზრუნავს და ფიქრობს ეკლესია. არის რაღაცები, სადაც შეზღუდულები ვართ ეკლესიის წევრები, სასულიერო პირები და ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცით ადამიანის სულზე და მზრუნველობაზე უარს ვამბობთ. ძალიან რთულია, უწმინდესს ბევრჯერ გადაუწყვეტია და ალბათ, ახლაც გადაწყვეტს," - განაცხადა დეკანოზ შალვა კეკელიამ.
მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი აღნიშნა, რომ თუკი ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ეკლესია ასეთ შემთხვევაში გამონაკლისებს უშვებს ხოლმე.
"არ ვიცი, რა მოხდა და სად მოხდა, თუ დადასტურდება, რომ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და პრობლემები, ამ შემთხვევაში, ეკლესია უშვებს გამონაკლისის სახით წესის აგებას. ამ შემთხვევაში არ ვიცი, რა მოხდა. ვფიქრობ, ადგილობრივმა მღვდელმთავარმა უნდა გადაწყვიტონ," - ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.
დღეს, 11 წლის ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე, "რუსთავი 2-თან", მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამონაკლისი დაუშვებელია, თუმცა ეპარქიის მამაოებს მომხდარის გარკვევას დაავალებს. რის შემდეგაც გარდაცვლილის ბებიამ, საპატრიარქოს გამონაკლისის დაშვების თხოვნით მიმართა. მას საპატრიარქოდან პრესმდივანი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევა გასათვალისწინებელია.
რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის დედა ის უკვე თბილისში ჩამოვიდა, მას ახლა, PCR ტესტი უტარდება და სწორედ ამის შემდეგ შეძლებს შვილთან გამომშვიდობება.