ბარ Skygirls-ში კლიენტის ცემის ფაქტზე დაკავებულ ბარის თანამშრომლების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი ბარის მენეჯერია, რომელიც დაზარალებულის თქმით, აქტიურად იყო ჩართული ჩხუბში და სტუმრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ადვოკატის განცხადებით, ის დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ თვლის.
"ბრალი წარუდგინეს, თუმცა თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს," - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.
დაზარალებული ივიკო ფრუიძე ფიზიკური ძალადობის გარდა ბარის თანამშრომლებს თაღლითობაშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.