19 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე მიაყენეს - პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15 სექტემბერს, 3 საათზე განახლდება. საუბარია ამ საქმისთვის დაკავებულ 6 არასრულწლოვანზე. მათი ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესი დახურულია.

დღეს, რამდენიმესაათიან სხდომაზე დაიკითხნენ როგორც ექსპერტები, ისე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები.

არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი აცხადებს, რომ დაკითხვაზე მყოფმა გამომძიებელმა ვერ გაიხსენა არასრულწლოვნის დაკითხვისას მისთვის სათანადო პირობები შექმნილი იყო თუ არა. 

"იმ კითხვებზე, რაც გამომდინარეობდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან, თუ რა პერიოდში გამოიკითხა, ვინ ესწრებოდა, წაიკითხა თუ არა ოქმი, ხელი მოაწერა თუ არა არასრულწლოვანმა, შეექმნა თუ არა შესაბამისი გარემო გამოკითხვის პროცესში, იქნა თუ არა შეფასებული მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა და, აქედან გამომდინარე, შეეძლო თუ არა მას ჩვენების მიცემა, ერთადერთი პასუხი ჰქონდა გამომძიებელს, რომ არ ახსოვს,"-განაცხადა ზაქარია გვიშიანმა. 

გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა გამომძიებელ გიორგი ტარყაშვილის ჩვენებაზე, რომელმაც, მისი თქმით, დასმულ კითხვებს აბსურდული პასუხები გასცა. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იყო ეს იყო გამომძიებელი გიორგი ტარყაშვილი, რომელმაც შეადგინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი მერაბიშვილისა და მასთან ერთად ავტობანზე მოძრავი მისი მეგობრის ლ.შ-ს გამოკითხვის ოქმები. ჩემს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ასეთი დიდი სხვაობა გამოკითხვის პერიოდში, გამომძიებელმა აბსურდული განმარტება მომცა, რომ ვინ როგორი სისწრაფით მაძლევდა ჩვენებას, იმის მიხედვით გაგრძელდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებაო, რაც აბსურდია,"- განაცხადა

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიაყენეს. 

"გამოკვლეული იქნა გიორგი შაქარაშვილის გვამზე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტებმა დაადგინეს დაზიანებების მიყენების მექანიზმი, დაზიანების მიყენების ხანდაზმულობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დასკვნით დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული იყო გარდაცვალებამდე უახლოეს პერიოდში, ექსპერტიზის დასკვნით დაკონკრეტდა ეს პერიოდი და ეს იყო გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე,"-განაცხადა საქმის პროკურორმა. 

დღის ამბები