თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და საქმის პროკურორმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. თეთრიწყაროს ტყეში ჩასვლის მიზანი, იმ გზის დადგენა იყო, რომლითაც რამიშვილის ვერსიით, ახალგაზრდა პროგრამისტის ავტომანქანა მიიტანეს. ადვოკატი ირწმუნება, რომ 18 ივლისს მომხდარი თვითმკვლელობა არ იყო და სხვა დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
"დეტალურად არაფერს არ მოვყვები იმიტომ, რომ ეს არის გამოძიების ინტერესები. ყველაფერი იქნა დეტალურად გარკვეული, ნივთები დალუქული, ამით ჩვენ არ ვარღვევთ არაფერს, არც უდანაშაულობის პრეზუმფციას," - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა ეკა ქობესაშვილმა აღნიშნა, სხვადასხვა ნივთებიდან აიღეს ნიმუშები. იურისტის განმარტებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებულად არის ჩატარებული.
"მოხდა ლოგინიდან ნიმუშების აღება, ფეხსაცმლიდან, რომელიც იყო იატაკზე ნიმუშების აღება, ასევე სხვადასხვა ნივთებიდან. საგამოძიებო მოქმედებები არის დაგვიანებულად ჩატარებული და შესაძლოა მომხდარიყო ადგილის გაწმენდა, თუმცა არც იმას ვიძახით, რომ ნამდვილად მოხდა ეს ფაქტი," - განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა ეკა ქობესაშვილმა.
პროკურატურის განცხადებით კი, შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი საგამოძიებო მოქმედება ოჯახის ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარდა. ადგილზე ამოღებულ ნივთებს მისივე შუამდგომლობით ექსპერტიზაც ჩაუტარდება.
"დავათვალიერეთ ავტოფარეხი, ავიღეთ შესაბამისი ნიმუშები და ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ის იყო, ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტ მანძილზე არ იღება, ანუ დასაკეტი მექანიზმი არის გაფუჭებული და ამ შემთხვევაში არა თუ ავტომანქანის გადამალვა, საერთოდ შესვლაც კი გამოირიცხა ამ ავტოფარეხში. შესაბამისად ჩვენ ვამბობდით და დღესაც დადასტურდა, რომ ამ ადგილს არანაირი შემხებლობა არ აქვს თამარ ბაჩალიაშვილთან და მის ავტომობილთან, ან საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან," - განაცხადა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.