26 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
კარგი იქნება, თუ შევძლებთ დღესვე გადმოვიყვანოთ - შს მინისტრი ხვიჩა მღებრიშვილის შესახებ

რუსი ოკუპანტების მიერ 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილის გატაცების ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გატაცებულის გასათავისუფლებლად, ყველა უწყება აქტიურად რეჟიმში მუშაობს.

"ვმუშაობთ, ყველა ჩართულია ამ მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენ, ყველა და კარგი იქნება, თუ შევძლებთ დღესვე გადმოვიყვანოთ," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გატაცების შესახებ ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. კარლ ჰარცელი ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას ელოდება.

"ინფორმირებული ვარ ამ ფაქტის შესახებ. ევროკავშირი და ჩვენი სპეციალური მისიები აკვირდებიან იქ სიტუაციას და მუშაობენ ძალიან აქტიურად. მიხარია რომ საქმე წინ მიდის და ველოდებით შემდგომში მის გათავისუფლებას," - განცხადა კარლ ჰარცელმა.

ხვიჩა მღებრიშვილის 86 დღიანი უკანონო პატიმრობა დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში. კელი დეგნანი ამბობს, რომ ყველა დაკავებული მოქალაქე უნდა გათავისუფლდეს. 

"ყოველთვის კარგი ამბავია, როცა გაიგებ რომ ადამიანები რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, შეიძლება გაათავისუფლონ. იმედი მაქვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. დარწმუნებული ვარ, ის ბედნიერი იქნება ოჯახში  დაბრუნებით. საქართველოს ყველა დაკავებული მოქალაქე უნდა გათავისუფლდეს. იმედი მაქვს ეს მალე მოხდება. ძალიან კარგია, რომ ჩვენი მექანიზმები აქტიურად მუშაობს და შედეგად გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლები," - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ხვიჩა მღებრიშვილი ოჯახს დაუბრუნდება. საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულს დღეს გაათავისუფლებს. ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, ერგნეთში გამართული რიგით 97-ე შეხვედრის დროს. 

 

 

 

დღის ამბები