03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
პოლიტიკური სკანდალი მცხეთაში - მაჟორიტარი გუბერნატორს უპირისპირდება

მცხეთის მაჯორიტარი დეპუტატი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ასეთივე მოთხოვნა აქვს უმრავლესობის კიდევ ერთ დეპუტატს.  

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის გაღიზიანება გუბერნატორის მოადგილის მიერ ტენდერებთან დაკავშირებით გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა გამოიწვია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ პრობლემები არა რეგიონში განსახორციელებელ პროექტებში, არამედ გუბერნიის არასწორ მუშაობაშია. ის თვლის, რომ გუბერნატორს და მის მოადგილეს რეგიონის მართვის საკმარისი კომპეტენცია არ გააჩნიათ.

კობა არაბულს უპირისპირდება დუშეთის მაჯორიტარი დეპუტატიც. გუბერნატორის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადებები რეგიონში შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით მისთვის მიუღებელია.

ირაკლი ტრიპოლსკი პროკურატურას საქმის გამოძიებას, არაბულს კი საკუთარი განცხადებების დამტკიცებას სთხოვს.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ განცხადებები რეგიონში არასწორად ჩატარებული ტენდერების, შეუსრულებელი პროექტებისა და არამიზნობრივად დახარჯული საბიუჯეტო თანხების შესახებ გუშინ გააკეთა.

კობა არაბულმა კამერებთან კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტეის მოთხოვნით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თანხები ერთხელ უკვე გამოყო. თუმცა, სამუშაოების დაუსრულებლობის გამო მათზე ფულის დახარჯვა სახელმწიფოს კიდევ დასჭირდება.  

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, დაგეგმილი თუ არასწორად განხორციელებული 8 პროექტის საქმეს პროკურატურა უკვე სწავლობს.

 

ავტორი ეკა გაგუა

დღის ამბები