03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
სად მიდის თანხა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო ობიექტებს უნდა მოხმარდეს?

ახალგორელები მაღალკვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას ოკუპირებულ რეგიონში ვერ იღებენ. მათი უმრავლესობა იძულებულია, ახალგორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არამხოლოდ სამედიცინო დახმარების მისაღებად, არამედ წამლების შესაძენადაც გადმოვიდეს.

ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ ახალგორის საავადმყოფო სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას იღებს. თუმცა, ეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე არ ასახულა.

ახალგორის მაცხოვრებლების მიერ არაერთი პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ გამგებელმა საავადმყოფოს ანგარიში მოსთხოვა იმის შესახებ, თუ რაში იხარჯება საბიუჯეტო სახსრები. თუმცა, პასუხი დღემდე ვერ მიიღო.

ახალგორის საავადმყოფოსგან ხარჯების შესახებ ანგარიშს ამ დროისთვის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო იღებს. თუმცა, იმის კონტროლი, თანხა რამდენად მიზნობრივად იხარჯება, შეუძლებელია.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ახალგორის საავადმყოფო საქართველოს ჯანდაცვის უწყებიდან სპეცდაფინანსების სახით ყოველთვიურად 5 ათას ლარს იღებს.

მსგავსი ოდენობით დახმარებას იღებს გალის რაიონში მდებარე საავადმყოფოც.

კითხვები იმის შესახებ, სად მიდის საქართველოდან გადარიცხული თანხა, ოკუპირებულ ტერიტორიაზეც აქვთ.

ცხინვალის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგორის საავადმყოფოში ფინანსური საკითხის შესასწავლად უკვე მუშაობს ოკუპირებული რეგიონის უშიშროების სამსახური.

 

ავტორი: დავით კაკულია

დღის ამბები