სახალხო დამცველი მიესალმება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესის დაწყებას. ომბუდსმენის თქმით, ჯერ ნაკლებად სადაო საკითხები უნდა გადაწყდეს. სახელმწიფომ კი შესაბამისი მექანიზმი უნდა შეიმუშაოს, რომ ყველა მხარის უფლებები დაცული იყოს.
"რა თქმა უნდა, უფრო მარტივია, მოგვარდეს ის საკითხები, სადაც რეალურად სადაო ქონება ნაკლებად არის ანუ გარკვეული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაშია. თუმცა, მე ვფიქრობ, პროცესი უნდა გაგრძელდეს და მაქსიმალურად ისეთი მოდელი უნდა შესთავაზოს უფლებაშელახულ მოქალაქეებს სახელმწიფომ, რომ ვინმემ არ იგრძნოს თავი დაჩაგრულ მდგომარეობაში," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
დღეს მთავრობის სხდომაზე იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თაობაზე იმსჯელეს. ამ თემაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად ისაუბრა.