19 აპრილი 2024,   03:55
ვრცლად
​ბადრი ესებუას სახლის ჩხრეკა გვიან ღამით დასრულდა - სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებები ამოიღეს

სოფელ გრიგოლიში, ბადრი ესებუას სახლის ჩხრეკა, რომელსაც ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ - გვიანობამდე გაგრძელდა. 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სხვადასხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს, რომელიც მათ დალუქულ მდგომარეობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიტანეს. სოფელ გრიგოლიშში ჩხრეკა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაიჩხრიკა ბადრი ესებუას ძმების საცხოვრებელი სახლებიც.

ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები და ნათესავები მოგვიანებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მათ შორის მამა და ორი ძმა. მათ პოლიცია გვიან ღამით უკომენტაროდ დატოვეს.

 32 წლის ბადრი ესებუას საპოლიციო ძალები ყველა მიმართულებით ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს დაადასტურა, რომ ესებუა სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძევლების აყვანაში ადანაშაულებენ.

ბანკზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდიანრეობს. საუბარია კონკრეტულად სამ მუხლზე, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

დღის ამბები