სახალხო დამცველი ბრიუსელში იმყოფება. უჩა ნანუაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა. ნატოს სპეც წარმომადგენელთან შეხვედრისას საქართველოში ადამიანის უფლებებსა და იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომელიც ამ კუთხით ქვეყანამ გაატარა.
„სახალხო დამცველს გადავეცით, რომ მისი უწყების მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველწლიური შეფასებების დროს დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას. ჩვენ მის მიერ მომზადებულ ანგარიშებს ვეყრდნობით. სახალხო დამცველმა წარმოგვიდგინა რეფორმების გეგმა, რომელთა განხორციელებაც საქართველოსთვის ღირებული იქნება და თქვენს ქვეყანას უფრო დააახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატოსთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვისაც,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სახალხო დამცველის განცხადებით, საუბარი შეეხო როგორც პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას, ასევე, მართლმსაჯულებას და სამართალდამცველთა სისტემას.
„პრობლემები, რომელზეც ვმუშაობთ და არის გამოსასწორებელი, უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას, პროკურატურის სისტემას და რეფორმების გაგრძელება არის მნიშვნელოვანი,“ - განმარტა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის ვიზიტი ბრიუსელში სამ დღეს გაგრძელდება. მას დღეს შეხვედრები ექნება ევროპულ პარლამენტში და ქართულ დიასპორასთან.