03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი  წარედგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული გამოძიებით დადგინდა,  რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ, სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას  სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც 25 სექტემბერს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. 

მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

პროკურატურა განმარტავს, რომ გამოძიების მსვლელობისას დაიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე პატიმრები. ჩატარდა ექსპერტიზები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და განხორციელდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ.ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი  დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ.ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან,"-აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურა განმარტავს, რომ ის უახლოეს მომავალში სასამართლოს ოქორპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს, მოტივად კი მის მიერ მიმალვის, ახალი დანაშაულის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ასახელებს. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

დღის ამბები