სახალხო დამცველი გიორგი ოქროპირიძისთვის ახალი ბრალის წაყენებას ეხმაურება.
როგორც უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, "საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია წამების თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ შეიძლება იყოს პირის/პატიმრის წინააღმდეგ მიმართული და გამოყენებული ან გახდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი".
"წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაერო-ს კონვენციის ფაკულტატიური ოქმის 21–ე მუხლის თანახმად, "არც ერთი ორგანო ან თანამდებობის პირი არ გამოიყენებს რაიმე სანქციას ან არ გასცემს სანქციის გამოყენების ბრძანებას ან ნებართვას რომელიმე პირის ან ორგანიზაციის მიმართ, მათ მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ნამდვილი თუ ყალბი ინფორმაციის მიწოდების გამო, ასევე არ შეზღუდავს ასეთ პირს ან ორგანიზაციას რაიმე სხვა წესით".
უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილი.
"საქართველოს პროკურატურამ ისევე, როგორც ნებისმიერმა სხვა ინსტიტუტმა, პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ უმაღლეს კონსტიტუციურ ინსტიტუტს – საქართველოს სახალხო დამცველს და არ გამოიყენოს ამ ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებები კონკრეტულ პირთა მიმართ უფლებების დარღვევის საფუძვლად," - წერია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი აქვეყნებს.
უჩა ნანუაშვილი გიორგი ოქროპირიძის ახალი ბრალდების და უკვე ჩატარებული გამოძიების შესახებ საუბრობს.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ. ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ. ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.