"ცინიკური შეთავაზება," - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვის საპასუხოდ რამდენიმე წუთის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"რუსეთის საგარეო უწყება ტრადიციულად აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად წარმოქმნილი საკუთარი რეალობის ტირაჟირებას და ჯიუტად მოიხსენიებს საქართველოს განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“.
"ამასთან, კრემლი ცინიკურად სთავაზობს ქართულ მხარეს, საკუთარ რეგიონებთან გააფორმოს დოკუმენტი ძალის არგამოყენების შესახებ.
"გაუგებარია დოკუმენტის ტონი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კვლავაც ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რომლებიც რუსეთის მიერვე არის ოკუპირებული.
"საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უგულვებელყოფა და იგნორირება, სამწუხაროდ, რუსეთის საგარეო უწყებისათვის დამახასიათებელ საფირმო ნიშნად იქცა, რის შესახებაც მხოლოდ წუხილი შეიძლება გამოვთქვათ," - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.